ანრი ოხანაშვილი - ძალიან მალე ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას
ანრი ოხანაშვილი - ძალიან მალე ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას, – ამის შესახე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

​„გვაქვს მოლოდინი და ფაქტია, რომ ლადო კახაძე ჩვენი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. საუბარია დამაჯერებელ უპირატესობაზე. დაველოდოთ შესაბამის დროს და ამას უკვე ოფიციალურად გავიგებთ. რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ჩვენი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა და ასეთივე დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობს ლადო კახაძე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება.

„ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის „ქართული ოცნების” სამარკო ნიშანი და ამას არაერთი აღიარება აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა, განვიხილოთ კანონმდებლობის გაუმჯობესებად, ამ საკითხებზე მომავალში გვექნება მსჯელობა. ვფიქრობთ, „ოდირის” და სხვა რეკომენდაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, თუკი სადმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველაფერს შესაბამის დროში ექნება ადეკვატური რეაგირება.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

დატოვე კომენტარი