ანრი ოხანაშვილი - დღეს საქართველოს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფ პირებს ნდობა აქვთ პოლიციის მიმართ, ყოველ წელს იზრდება რაოდენობა ქვეყნების, რომლებსაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეჰყავთ
ანრი ოხანაშვილი - დღეს საქართველოს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფ პირებს ნდობა აქვთ პოლიციის მიმართ, ყოველ წელს იზრდება რაოდენობა ქვეყნების, რომლებსაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეჰყავთ

დღეს საქართველოს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფ პირებს ნდობა აქვთ პოლიციის მიმართ, ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს. ისიც ფაქტია, რომ ყოველ წელს იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეჰყავთ. ყოველივე ეს იმ გუნდის დამსახურებაა, მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ მართლწესრიგის და კანონის უზენაესობის დაცვას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

ანრი ოხანაშვილმა საკუთარ გამოსვლაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და შსს-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„სამინისტროს და კომიტეტს 2022 წლის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორებიც არის ციფრული მტკიცებულებების ეფექტიანად მოპოვებისა და დამაგრების საკითხების გაუმჯობესება, დაკარგული ან დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულის მფლობელობიდან გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების გაუმჯობესება, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების საკუთრების ეფექტიანად დაცვა უნდა უზრუნველყოს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გამოძიების ეფექტიანი წარმართვა. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესის გაუმჯობესების საკითხზეც, რომელიც საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი საუკეთესო პრაქტიკის წესების გათვალისწინებით დარეგულირდა. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, შსს არის ის უწყება, რომლის ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ასევე განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ოჯახში ძალადობისგან ქალთა დაცვის მიზნით, ეფექტიანად დარეგულირდა ქალებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესი.

მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ორიენტირებულია საპოლიციო სერვისების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ორიენტირებულია ოპერატიული საქმიანობის გაძლიერებაზე, რისი გამოხატულებაც არის თბილისის მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტის სრული დანერგვა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელებაზე, შეუპოვარ ბრძოლაზე ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში და ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა – პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.