ანრი ოხანაშვილი - დესტრუქციული ჯგუფებისთვის ნიკა მელია მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, რათა ქართველი ხალხისთვის საქვეყნოდ ეთქვათ, რომ კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ
ანრი ოხანაშვილი - დესტრუქციული ჯგუფებისთვის ნიკა მელია მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, რათა ქართველი ხალხისთვის საქვეყნოდ ეთქვათ, რომ კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ

სტრატეგიული პარტნიორების ვერც ერთ განცხადებაში ვერ ნახავთ, რომ პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება ან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას დაკავების საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მელიას დაკავების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ვერც ერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით, პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება, ან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ეს ღონისძიება ჩატარდა ევროპული და ამერიკული სტანდარტის დაცვით, რაც ნიშნავს მაქსიმალურ სიფრთხილეს, ზომიერებას, პროპორციული ძალის გამოყენებას და არა ძალის დემონსტრირებას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ყურადღებით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება მაქსიმალური სიფრთხილით ჩატარდა. საქართველოში სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ჩვენ სწორედ სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ე.წ. პოლიტიკოსის სახელით, კანონი თქვენ თვალწინ დაარღვიოს და აბუჩად აიგდოს ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. როგორც კი ჩვენ ამის პრეცედენტს შევქმნით, მაშინ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს არც სამართლებრივ სახელმწიფოზე, არც კანონის უზენაესობაზე და არც იმ მიზანზე, რასაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პოლარიზაცია საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს აძლევს ხელს, აქამდე კი ქვეყანა დესტრუქციული ჯგუფების ქმედებებმა მიიყვანა.

პოლარიაზაცია ვინმეს ხელს თუ აძლევს, ეს ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოა. ამის ინტერესი მხოლოდ მათ აქვთ. პოლარიზაციამდე მიყვანისთვის ვინმემ ნაბიჯი თუ გადადგა, სამწუხაროდ, ეს ნიკანორ მელიას მეშვეობით, დესტრუქციული და რადიკალური ჯგუფების მიერ კანონის ფეხქვეშ გათელვით მოხდა. სწორედ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. მხოლოდ ნიკანორ მელიამ კი არ დაარღვია კანონი, ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფებისთვის, რათა საქვეყნოდ, ქართველი ხალხისთვის პირდაპირ ეთერში ეთქვათ, რომ თქვენი მისწრაფება, გვქონდეს კანონის უზენაესობა არ გვაინტერესებს.

ჩვენ გვახსოვს ამ რადიკალური დესტრუქციული ჯგუფების იერიში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე. ხომ კარგად გახსოვთ, კელი დეგნანის მიმართ როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა მათივე ოფიციალურ ვებგვერდზე. გახსოვთ გერმანიის ელჩზე თავდასხმა. ეს მათი რეალური სახეა. ჩვენ ბევრად ადრე დავაანონსეთ, რომ მათი მიზანი არჩევნებისთვის მზადება არ არის. ეს სცენარები დიდი ხნით ადრეა დაწერილი და ეს კინო ყველას ნანახი აქვს. იმის უფლებას ჩვენ არ მივცემთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სცადონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი ქვეყანაში სტაბილურობაა, ამიტომ ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის. მათი ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა კიდევ ერთხელ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ კონსენსუსზე დაფუძნებული დიალოგი, რომელზეც ჩვენ უარი არასდროს გვითქვამს.

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ისინი დიპლომატიურად მოგვიწოდებენ ყველას, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს. ევროსაბჭოს სპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებიდან ერთი თვე არ არის გასული, ამ რეზოლუციაში ხომ გახსოვთ რა ჩაიწერა: ოპოზიციური ჯგუფები მანდატების არათვისებით საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან. ეს ხომ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობაა, რომლებსაც ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.