ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისგან ველოდებით შეფასებას, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებსა და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი იქნება
ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისგან ველოდებით შეფასებას, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებსა და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი იქნება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან ველოდებით ისეთ შეფასებას, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებსა და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიისგან სამართლებრივად გაანალიზებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს მიიღებენ.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება მოგეხსენებათ: მზად ვართ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში. დასაწყისშივე ასე ვსვამდით საკითხს და დღესაც იმავე ლოგიკას ვანვითარებთ, რომ ვენეციის კომისიაში თუ შესულია ერთი კანონპროექტი დასკვნისთვის, რატომ და რა ლოგიკაა, რომ იმავე შინაარსის პროექტი მეორედ შეეტანა საქართველოს, როდესაც საუბარია ერთსა და იმავე შინაარსის კანონპროექტებზე? აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ლოგიკას მივყვებოდით, თუმცა რადგან პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებისთვის სივრცე შეიქმნა, ჩვენ არ გვინდოდა, რაიმე ტიპის სპეკულაციებისთვის სივრცე მიგვეცა. რაც მთავარია, ჩვენ გვქონდა პარტნიორებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ევროკომისართან კომუნიკაცია და მათთან შეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. რაც შეეხება, რა შეფასებას ველოდებით ვენეციის კომისიისგან, ველოდებით ისეთ შეფასებას, რომელიც იქნება შესაბამისი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან, რომელიც იქნება თანხვედრაში ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან და რომელსაც საფუძვლად დაედება ევროპული სამართლებრივი ფუნდამენტური პრინციპები და კონსტიტუციურ-სამართლებრივი მიდგომა, ჩვენ ეს მოლოდინი გვაქვს. ეს მოლოდინი თუ არ გამართლდება, მაშინ ვნახავთ, რა ტიპის მოსაზრებები იქნება განვითარებული, ჩვენ წინასწარ არ შევალთ შეფასებაში, ვინაიდან გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მივიღებთ სამართლებრივად გაანალიზებულ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს. ველოდებით სამართლებრივ ანალიზს, საუკეთესო ევროპული ჩარჩო პრინციპების გათვალისწინებით და არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელსაც არავითარი კავშირი არ ექნება სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.