ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ყველა ეჭვი გაბათილდება საერთაშორისო დონეზე
ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ყველა ეჭვი გაბათილდება საერთაშორისო დონეზე

იმედი მაქვს, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის პროცედურულ-ტექნიკური საკითხით არ მოხდება აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გამარჯვების გადაფარვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის განხილვის არსებით ეტაპზე გადასვლის საკითხს ეხებოდა.

ოხანაშვილის თქმით, სარჩელის მიღება დასაშვებობის ჩვეულებრივი ეტაპი, პროცედურული საკითხია და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მტკიცებულებები წარადგინოს.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დარწმუნებულია, აღნიშნულ საქმეზე ყველა ეჭვი გაბათილდება საერთაშორისო დონეზე და მიაჩნია, რომ ახლა წინასწარ აცხადებენ გამარჯვებას პროცედურულ საკითხზე.

„იმედი მაქვს, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის პროცედურულ-ტექნიკური საკითხით არ მოხდება აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გამარჯვების გადაფარვა. იმედი მაქვს, ყველა ჟურნალისტი სათანადო დროს დაუთმობს ამ გამარჯვებას და არავინ ეცდება, ეს ტექნიკურ-პროცედურული საკითხი გამოიყენოს, რომ გადაიფაროს ჩვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის მორიგი გამარჯვება. სარჩელის მიღება არის დასაშვებობის ჩვეულებრივი ეტაპი, პროცედურული საკითხი. ჩვენს ხელისუფლებას ეს პროცესი საშუალებას აძლევს, წარდგენილი იყოს მტკიცებულებები, რათა გაბათილდეს ყველა ის ეჭვი, თითქოს, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ რაიმე უფლების შელახვას.

ეს დასაშვებობა იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით დასტურდება უფლების შელახვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, მტკიცებულებები წარადგინოს და ეჭვები გააბათილოს. მტკიცებულებითი სტანდარტი გვაქვს, რომ ეს ეჭვები გაბათილდეს. როცა პროცესი შედგება, ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებებით და არგუმენტებით წარვდგებით. პარალელს გავავლებ „რუსთავი 2“-ის საქმესთან, რომელიც დასაშვებად იყო მიჩნეული და პარტიული ტელევიზიების აჟიოტაჟი გახსოვთ? – წინასწარ იზეიმეს ის, რაც პროცედურული საკითხი იყო. ახლაც წინაწარ აცხადებენ გამარჯვებას პროცედურულ საკითხზე. როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფომ დაადგინა, რას ჰქონდა ადგილი, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზეც ყველა ეჭვი გაბათილდება საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი. სააკაშვილის სარჩელი გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებს ეხება.

დატოვე კომენტარი