ანრი ოხანაშვილი - დამხობაზე ნიკა გვარამიას განცხადებაში შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები არსებობდეს
ანრი ოხანაშვილი - დამხობაზე ნიკა გვარამიას განცხადებაში შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები არსებობდეს

ნიკა გვარამიას მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია თუ არა, მათი რეალური ზრახვის გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამია მიზანია, ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა.

„ეს არის მათი ერთადერთი რეალური მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ, რისი სურვილიც გააჩნიათ. გავრილოვის შემთხვევა იქნება თუ საარჩევნო სისტემა, მათთვის საბაბია, რომ პროტესტის იმიტაცია მოახდინონ. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი მდგომარეობს ხელისუფლების დამხობაში. ეს ხალხი ებრძვის ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის ნდობა აქვს. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან, თავის განცხადებებში ფრთხილნი იქნებიან და სამართლებრივ ჩარჩოში დარჩებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რაზეც შესაძლებელია, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები დეტალურად იქნება შესწავლილი. არა ემოციურად, არამედ ემოციების მიღმა იქნება გაანალიზებული და შეფასებები მიცემული. იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორები შეაფასებენ, რადგან ქართველ ხალხს სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც პოლიტიკური შეფასება.

„სამართლებრივ შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ეს აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური შეფასება. სახელმწიფო უწყებებს ვერ მოვუწოდებ, რა უნდა გააკეთონ, ყველა ვალდებულია, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ვინმე დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კანონი ავალდებულებს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.