ანრი ოხანაშვილი - დაახლოებით ერთი წელია, ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ
ანრი ოხანაშვილი - დაახლოებით ერთი წელია, ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ

დაახლოებით ერთი წელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ საქმის ირგვლივ, სადაც ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდებული არიან მძიმე ფინანსური დანაშაულის ფარგლებში, საზოგადოებას პერმანენტულად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ინიციატივა, პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები. ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ იყოს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რაც შეეხება შესაძლო შეხვედრებს, მე კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა თუკი საკითხი ისმის, რომ რატომ შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებული – პასუხი მარტივია, ვინაიდან ეს ადამიანები დაახლოებით ერთი წელია, ცდილობენ, რომ მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა დაუკავშირონ მათ თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას და მათი პასუხისმგებლობა გადაიტანოს სხვა მიმართულებით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს და არ დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ასეთ პოლიტიკურ მანიპულაციას წერტილი დაესვას, ლოგიკურია დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც მისი თქმით, პროკურატურა ეტაპობრივად ახორციელებს.

„კიდევ უფრო შეეწყობა ხელი მეტ ინფორმირებულობას, თუ პროცესში ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი და საერთშორისო ექსპერტები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.