ანრი ოხანაშვილი - ყველას აქვს შესაძლებლობა, იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, თუმცა ვხედავთ რევანშს, პარადოქსია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც პროპორციულ სისტემას უჭერდნენ მხარს, მაჟორიტარობას ვერ იყოფენ
ანრი ოხანაშვილი - ყველას აქვს შესაძლებლობა, იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, თუმცა ვხედავთ რევანშს, პარადოქსია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც პროპორციულ სისტემას უჭერდნენ მხარს, მაჟორიტარობას ვერ იყოფენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარსულის გადაფასება და გააზრება, რომ უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, უპირველეს ყოვლისა მორალურ პასუხისმგებლობას უნდა ნიშნავდეს.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ფორმალურ წარმოდგენაზე, რასაც ამბობენ, თითქოს გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. თურმე გადაცდომა ყოფილა სიცოცხლის უფლების ფეხქვეშ გათელვა, თურმე გადაცდომა ყოფილა ადამიანების წამება, გადაცდომა ყოფილა თავისუფალი გადაადგილების ხელყოფა, მოსამართლეების გათავისუფლება, მედიაზე ტერორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ამას სჭირდება უპირველეს ყოვლისა მორალური პასუხისმგებლობა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველას აქვს ცხოვრებაში იმის შესაძლებლობა, რომ ეს გაითავისოს და თუ ჩაიდინა მძიმე დარღვევა ან მძიმე დანაშაული, ამის შესახებ თქვას, გამოვიდეს და საზოგადოებას უთხრას, იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ და პირიქით, ვხედავთ რევანშს, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას. რევანშს პოლიციელებზე, ძალადობის, რევანშს ანგარიშწორების“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ ჯგუფებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან სხვა ადამიანებიც, რომლებიც მაჟორიტარულ საკითხებზე მსჯელობენ.

ოხანაშვილის თქმით, პარადოქსია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც თითქოს პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერდნენ მხარს, დღეს ვერ იყოფენ, ვინ გახდება მაჟორიტარი.

„ძალიან სამწუხაროა კიდევ ის ადამიანები, ვინც ამ ჯგუფებთან ერთად სხედან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუ მსჯელობენ მაჟორიტარულ საკითხებზე, ვინ იქნება მაჟორიტარი, ესეც პარადოქსია ხო. ამ ადამიანებისგან გვესმოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერდნენ მხარს და დღეს ერთმანეთთან იყოფენ და ვერ იყოფენ, ვინ გახდება მაჟორიტარი.

ესეც ხომ პარადოქსია, ესეც უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ ის ადამიანები, ვინც აქ სხედან და ერთმანეთს ეცილებიან, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი მაჟორიტარი, მე ვფიქრობ, რომ მორალური პასუხისმგებლობა მათაც თანაბრად ეკისრებათ ამ ჯგუფთან, აი ამ საქმეებზე მათ შორის.

ვინც ძალიან კარგად იცოდა, თუ რას აკეთებდნენ ისინი. ისინი არიან უკვე თანაზიარნი ამ პასუხისმგებლობის და მათ ეს უნდა გააცნობიერონ. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება რეაქცია და დამოკიდებულება, ეს გამოჩნდება საბოლოოდ ოქტომბრის არჩევნებზე. ის განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ამ რეჟიმის მიმართ, მე ვფიქრობ, რომ კიდევ მრავალ წელს დარჩება ძალაში.

საინტერესოა, რას ეტყვიან ციხის ბუნტის საქმეზე იმ ადამიანებს, მათ ოჯახებს, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა პირდაპირ, მეორე მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები.

რა პასუხი აქვთ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ოჯახებისადმი. პირდაპირ წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ სწორედ სახელმწოფომ მოკლა ციხის ბუნტის დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მათი მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხებისადმი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კვირაში პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, სრულიად უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებს და დამოკიდებულებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატის შესაძლებლობა და ჩვენ მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი