ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით

ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” გუნდმა გამოიჩინა დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მმართველი გუნდი იჩენს ასეთ დიდ პასუხისმგებლობას, ქმნის საპარლამენტო კომისიას და ამასთანავე კომისიის ხელმძღვანელობას აბარებს საპარლამენტო უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, რა რისკებთან იყო დაკავშირებული, გადავდგით ეს ნაბიჯი, რათა საპარლამენტო უმცირესობას გამოეჩინა დიდი პასუხისმგებლობა და ანალიზზე დაფუძნებით იმუშაოს კომისიაში. სამწუხაროდ, რისკები მართლდება, დღეს ჩვენ ვიხილეთ განცხადებები ბატონი კაკო ბობოხიძის მხრიდან, გუშინაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა განცხადებები და თავად საზოგადოება განსჯის რამდენად სწორია პროკურორის მიმართ ისაუბრო, რომ ის არის ბრიყვი, თავხედი და ასე შემდგომ, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

„ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით. როდესაც დასაკითხია ათობით მოწმე, ადამიანი, რომელიც იყო უშუალოდ მონაწილე, პირები, რომლებმაც რაიმე სახის ინფორმაცია მიიღეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ წინასწარ განწყობებს ვქმნით, ეს არის ძალიან სახიფათო. ეს არ იქნება სასიკეთო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, ამან არ უნდა შექმნას საფრთხე კომისიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი პრინციპი უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის განუხრელად დაცვა და გამოძიების წარმართვა არა წინასწარი შეფასებებით და წინასწარი მოლოდინების შექმნით, არამედ სრულად გაცნობით საქმის მასალები, სრულად გამოკითხვით ყველა იმ პირის, რომელსაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან, შემდგომ ანალიზზე დაფუძნებული დასკვნის გამოტანით,- აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

ანრი ოხანაშვილმა მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომ მათ აქვთ შანსი იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და რომ ეს არ გამორიცხავს კრიტიკულ შეკითხვებს, თუმცა მათი მხრიდან წინასწარი სურათის შექმნა ნეიტრალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საბოლოოდ, არც საგამოძიებო კომისიის სხვა წევრებისთვის არის მისაღები, ვინაიდან აჩენს კითხვებს კომისიის მუშაობის მიმართ.

„მივმართავ საზოგადოებას, ჩვენი მიზანია, რომ ეს საქმე შევისწავლოთ სრულად, როგორც საქმის მასალები, ასევე გამოვკითხოთ ყველა პირი, მიუხედავად თანამდებობისა და თუ გამოიკვეთება რაიმე ფორმით ვინმეს ბრალეულობა, გამოძიება იქნება ვალდებული დაიწყოს წარმოება და მისცეს დადგეს ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ვინმეს მიუძღვის ბრალი საქმესთან მიმართებაში, რაიმე ფორმით საქმის არასწორად წარმართვაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვმართებს ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის წარმოება“-განაცხადა ოხანაშვილმა.