ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 2019 წლის ანგარიშს განიხილავენ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება. ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარადგენს.

„დღეს ჩვენ ვიხილავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშს. ანგარიში შეეხება 2012 წლამდე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. აქ საუბარია წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ უმძიმეს დარღვევებზე, საუბარია სიცოცხლის უფლების ხელყოფასა და საუბარია წამების აკრძალვის დარღვევაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა. ეს მიუთითებს იმ რეფორმებზე, რომელსაც ატარებს ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება; ეს მიუთითებს მოქალაქეების ნდობაზე ჩვენი სასამართლო სისტემისადმი, ვინაიდან ხუთჯერ შემცირება 2012 წლიდან 2020 წლამდე არის სწორედ ნდობის მაჩვენებელი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეროვნული სასამართლოების მიმართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც 2010, 2011, 2012 წლებში ძალიან დიდი რაოდენობა იყო საქმეების, 2019 წელს 131 საქმესთან დაკავშირებით მოხდა სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა, 2012 წლამდე სულ მცირე, 400 საქმე წარიმართებოდა ყოველწლიურად.

„ჩვენ ვართ ერთგული ევროპული სამართლებრივი პრინციპებისადმი, ერთგული იმ პრინციპებისადმი, რაზეც დგას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომ დავიცვათ განუხრელად ჩვენი მოქალაქეების უფლებები და სამწუხაროდ, გვიწევს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გადახდა, კომპენსაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომელთა უფლებებიც უხეშად დაირღვა 2012 წლამდე. ეს პროცესები გრძელდება, ძალიან ბევრი საქმეა წარმოებაში სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც შეეხება სწორედ 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.