ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი და სწრაფი, პასუხისმგებლობა კი, ადეკვატური და რაციონალური
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი და სწრაფი, პასუხისმგებლობა კი, ადეკვატური და რაციონალური

ჩვენი ერთადერთი ამოცანა გახლავთ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული, დეტალურად გაწერილი სანქციები უნდა არსებობდეს, რასთან დაკავშირებითაც პროექტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი.

კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, მოხდეს ადაპტირება, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი და სწრაფი, ასევე იყოს შესაბამისი, ადეკვატური პასუხისმგებლობა განსაზღვრული. ჩვენი ერთადერთი ამოცანა გახლავთ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ამისთვის გვაქვს ორი ძირითადი მიზანი: მოხდეს პრევენცია, ადამიანებმა არ უგულვებელყონ სხვათა სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამისთვის არსებობდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, კონკრეტული დეტალურად გაწერილი სანქციები და თან მოხდეს შეკავება, რომ სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უგულვებელყოფას არ ჰქონდეს ადგილი. შეკავება, პასუხისმგებლობა და სანქცია კი, უნდა იყოს ადეკვატური და რაციონალური, რომ ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ვცდილობთ, ეს ბალანსი დავიცვათ, შესაბამისად, უახლოეს დღეებში იქნება აღნიშნული პროექტი წარმოდგენილი, საზოგადოებას ყველა დეტალი ეცნობება, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშაონ.