ანრი ოხანაშვილი – ჩვენი ამოცანაა, ამნისტიის პროექტზე მუშაობის პროცესი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება, შეყოვნების გარეშე წარიმართოს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტმა უკვე დაიწყო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე აქტიურ მუშაობა.
ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით – „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება „2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“. მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდეს. კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.