ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვართ ერთგული სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც ევროპულ სამართლებრივ სივრცეს აერთიანებს
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვართ ერთგული სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც ევროპულ სამართლებრივ სივრცეს აერთიანებს

ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს განიხილავენ.

„ჩვენ დღეს ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშებს, რომელიც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს. 2019 წლის ანგარიშს. ჩვენ ვართ ერთგულნი სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც აერთიანებს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს; ჩვენ ვართ ერთგული იმ უფლებების დაცვისადმი, რომელიც პრინციპულია ევროპული კონვენციისთვის და აუცილებელია, რომელიც შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით ერთგული ამ უფლებების დაცვისაკენ, ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ამიტომაც საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითოა და სანიმუშო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ამ ანგარიშებში ძირითადად ვხვდებით 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს. აქ საუბარია სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, აქ საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით , „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემის თვალსაზრისით, პროკურატურასთან მიმართებაში.

„ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემის თვალსაზრისით, პროკურატურასთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს, არამედ არის დამოუკიდებელი ორგანო. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და განხორციელდა სისტემური განახლების ფარგლებში არაერთი რეფორმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, რომელმაც კიდევ უფრო გააუმჯობესა და ძალიან მაღალი სტანდარტი დააწესა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამის შედეგია, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა, თითქმის ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.