ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში

სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ამ პოზიციას, ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰყავს ტყვეობაში და ანადგურებს ამ ოპოზიციურ ჯგუფებს.

„იმედგაცრუებულია იმ პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერი, ვინც მართლაც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამ პარტიებს და მიანდო მათ მანდატი, რომ ყოფილიყვნენ მათ ხმა პარლამენტში. ისინი იმედგაცრუებული არიან, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მათ მხარი დაუჭირეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც არაფრად აგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას, პატივს არ სცემენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც როგორც ნეიტრალური, ობიექტური დამკვირვებლები აფასებენ არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურ, როგორც კონკურენტულსა და მთლიანობაში მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. ჩვენ საზოგადოებას გასაჭირში ვერ მივატოვებთ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მძიმე გამოწვევა პანდემიასთან დაკავშირებით. მათ მიატოვეს მათი ამომრჩევლები. ჩვენ არა მხოლოდ არ მივატოვებთ მათ ამომრჩეველს,  არამედ ვიზრუნებთ, რომ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, განსაკუთრებით ამ პანდემიის ფარგლებში. ვიზრუნებთ ეკონომიკის განვითარებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი