ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ მთავრობა, ღმერთმა დაგვიფაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არშემოსვლით, დისკომფორტი შეგვექმნას
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ მთავრობა, ღმერთმა დაგვიფაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არშემოსვლით, დისკომფორტი შეგვექმნას

ვერც ერთი კონსტიტუციონალისტი, ყოველ შემთხვევაში, ვისაც ესმის კონსტიტუციური და სამართლებრივი საკითხები, ვერ იტყვის, რომ კონსტიტუცია რამე ფორმით ქმნის სამართლებრივ დაბრკოლებას, რომ სულ მცირე, 76 მანდატის მქონე საპარლამენტო გუნდს არ ჰქონდეს საპარლამენტო საქმიანობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატი, რათა მთავრობა დააკომპლექტოს.

„არც ერთი ჯანსაღი, სამართლებრივი საკითხების მცოდნე ადამიანისგან ასეთი პოზიცია არ მომისმენია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ ხელისუფლება, დავაკომპლექტოთ მთავრობა და ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი ორი უმთავრესი გამოწვევა, პანდემია და ეკონომიკური საკითხები ვმართოთ ისე, რომ გადავჭრათ ეს გამოწვევები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა იყო, პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მათ მხარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

„ჩვენ დავუჭირეთ იმ ცვლილებებს მხარი, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენი ინიციატივა იყო და ყველა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი, რომ ყოფილიყო პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის ეს კარგია, მაგრამ, როდესაც არაფერს არ აკეთებენ ამისთვის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თვითონვე უჭერდნენ მხარს და ახლა უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს- ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი მათ პარლამენტში ყოფნას, ეს არის ჯანსაღი, ეს არის კონკურენცია, ეს არის პაექრობა და თქვენ გექნებოდათ შესაძლებლობა, გენახათ, რომელ პარტიას რა გუნდი ჰყავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე: „ხომ არ გექნებათ პოლიტიკური დისკომფორტი, თუ მარტო იქნება პარლამენტში „ქართული ოცნება“, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არავითარი დისკომფორტი არ ექნებათ.

„არანაირი. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე დისკომფორტი შეგვექმნას იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციამ დღეს ერთობლივი განცხადება მოამზადა. განცხადების თანახმად, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.