ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გავწერეთ მრავალეტაპიანი პროცედურა, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გავწერეთ მრავალეტაპიანი პროცედურა, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით ჩვენ კანონპროექტში ჩავდეთ ყველა გარანტია, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია.

„ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რამე დაბრკოლებას კონკრეტული პირის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ უზრუნველვყავით მრავალეტაპიანი პროცედურის გაწერა, რათა მაქსიმალუად გამჭვირვალედ მოხდეს პროცესის წარმართვა და შესაბამისად, მივიღოთ, პარლამენტს მოგვეცეს შესაძლებლობა, შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარიმართება.

„ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალ-ყური ადევნოს, რა სტანდარტით და თანმიმდევრობით წარიმართება პროცესი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ანრი ოხანაშვილი სასტუმრო „რედისონში“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმას აცნობს.