ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, რომ ვერსიებზე ვისაუბროთ, გამოვკვეთეთ გარემოება, რომლიც შსს-სთვის საინტერესო უნდა იყოს  
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, რომ ვერსიებზე ვისაუბროთ, გამოვკვეთეთ გარემოება, რომლიც შსს-სთვის საინტერესო უნდა იყოს  

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს იმ მოწმეებს გამოვკითხავთ, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ფიქსირდებიან, – ამის შესახებ კომისიის წევრმა, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კომისია საგამოძიებო ორგანო არ არის და ვერსიებზე ვერ ისაუბრებს. კომისიამ გამოკვეთა კონკრეტული გარემოებები, რომელიც ოხანაშვილის შეფასებით, შსს-სთვის საინტერესო უნდა იყოს.

„ჩვენ გამოვკითხავთ ორ ან სამ მოწმეს, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ფიქსირდებიან. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, რომ ვერსიებზე ვისაუბროთ. გამოვკვეთეთ გარემოება, რომელიც მიგვაჩნია, რომ შსს-სთვის საინტერესო უნდა იყოს. ჩვენთვის ცნობილია, მათაც დაადგინეს ახალი გარემოება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, ვის მიმართ გამოიკვეთა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები.

„კონკრეტულ პირებზე ნუ გავაკეთებთ აპელირებას. ჩვენი ამოცანაა, ფაქტები დავადგინოთ და შემდეგ გამოვკვეთოთ ახალი გარემოებები“, – განაცხადა დეპუტატმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ კომისიამ გამოკითხვების შედეგად, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოკვეთა, რომელის შესახებაც შსს-ს მიაწვდიან ინფორმაციას და რეაგირებას დაელოდებიან.

ამასთან, მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს.