ანრი ოხანაშვილი - აშშ-ს საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზების თუ გამოწვევებისა, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება
ანრი ოხანაშვილი - აშშ-ს საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზების თუ გამოწვევებისა, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზების თუ გამოწვევებისა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და ისინი მიესალმებიან, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიანდეს ხელისუფლებაში მესამე ვადით ყოფნის უფლება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „მისასალმებელია, რომ ნეიტრალური დამკვირვებლები აღიარებენ და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისკენ“.

„ისინი მხარს უჭერენ და რეალურად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და არჩევნები შედგა, ლეგიტიმურია და ისინი გამოხატავენ მზაობას მეათე მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზების თუ გამოწვევისა ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და ისინი მიესალმებიან, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიანდეს ხელისუფლებაში მესამე ვადით ყოფნის უფლება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.