ანრი ოხანაშვილი - არასერიოზულია მსჯელობა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი სერიოზულ დოკუმენტად იქცეს
ანრი ოხანაშვილი - არასერიოზულია მსჯელობა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი სერიოზულ დოკუმენტად იქცეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

„ამ საკითხს სერიოზულად ვერ მივუდგებით, რადგან წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა დააინიციროს პროექტი საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ან სხვა სტრატეგიული პარტნიორის, ან მეგობარი სახელმწიფოს მიმართ სანქციების დაწესება. ეს ხომ არასერიოზული იქნება? ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? ეს არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ემზარ კვიციანმა დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მით უმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

​მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორთან ურთიერთობას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არის ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა.

„ამას მოწმობს არა შეფასება და ჩემი განცხადება, არამედ ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ. ოპონენტების დანიშნულება და ფუნქციაა, რომელიღაც კონკრეტული იდეა აქციოს მნიშვნელოვან წინადადებად, რაც ასე არ არის. ოპონენტებს მოვუწოდებ, დაფიქრდნენ და საკუთარ განცხადებებს დაუკვირდნენ, რადგან ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს და მათ უხაროდეთ მსგავსი სახის იდეები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი