ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იურიდიული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმას გააცნობს
ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იურიდიული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმას გააცნობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ანრი ოხანაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს იურიდიული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმას გააცნობს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ასევე მოისმენს ​თანამშრომლობის კუთხით კონკრეტულ შემოთავაზებებს.

„პრაქტიკულად ტრადიციისამებრ ვატარებ ხოლმე ამ შეხვედრას, როდესაც ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ინფორმირებულნი კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვიდრე კომიტეტი დაამტკიცებს სამოქმედო გეგმას, მიზანშეწონილად მივიჩნევ, ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გავაცნო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოვისმინო მათგან შემოთავაზებები და სწორედ ამის შემდგომ დაამტკიცოს კომიტეტმა თავისი სამოქმედო გეგმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რჩება ერთ-ერთ მთავარ წამყვან კომიტეტად და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, იქნება ეს, მაგალითად, საარჩევნო საკითხების მიმართულებით, თუ სხვა ცვლილებები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი გველოდება ჩვენ წინ, გველოდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებს. მე ამ ეტაპზე დეტალური საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდგომ, მათგან იდეების მოსმენის შემდგომ ჩვენ დავამტკიცებთ კომიტეტზე სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.