ანრი ოხანაშვილი - არ ვაპირებ დამატებით კომენტარს იმ დესტრუქციული ჯგუფების განცხადებებზე, რომლებიც საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, გამოირჩეოდნენ მედიაზე ტერორით
ჩვენი ამოცანაა, ყველა მედიასაშუალების მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, თანაბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სამი ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არ უპასუხებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლებიც, მისი თქმით, თავად გამოირჩეოდნენ მედიაზე ძალადობით.
„იმ დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობდნენ მედიაზე, საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასების მიხედვით, გამოირჩეოდნენ მედიაზე ტერორით, ტელევიზიების დახურვით, ჟურნალისტების ცემით, ამ ადამიანებისგან, ასეთი ჯგუფებისგან ასეთი კომენტარები არ მიკვირს, თუმცა, არ ვაპირებ ასეთი დესტრუქციული ჯგუფების კომენტარებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, მედიაპლურალური გარემო იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და
„მედიაპლურალიზმი უზრუნველყოფილია. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მედიის მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, თანაბარი. რაც შეეხება კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებას, ეს არის მისი და კონკრეტული მედიის საკითხი, თუ რაზე შეთანხმდებიან. ეს უკვე კონკრეტული უწყების გადასაწყვეტია, რომ სამართლიანი და თანაბარი პირობები რეალურად განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.