ანრი ოხანაშვილი - ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა დასვა საკითხი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, ნებისმიერი აზრი იქნება განხილული
ანრი ოხანაშვილი - ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა დასვა საკითხი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, ნებისმიერი აზრი იქნება განხილული

ყველას წინადადება მოვისმინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. კორუფციის ინდექსის აღქმის თვალსაზრისით 145 სახელმწიფოს შორის საქართველო 45 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, იტალია და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში არის მოწინავე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება.

„ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იყო გადადგმული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, ჩვენი მხრიდან დავაყენეთ საკითხები პრევენციის თვალსაზრისით იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა და უწყებებს შორის კოორდინაცია დამატებით გაძლიერდეს. შესაბამისი იდეები ვთხოვეთ, რომ წარმოგვიდგინონ უწყებებმა, რა მიმართულებით შეიძლება, ექმნებოდეთ მათ საფრთხე და რა მიმართულებით ფერხდებიან კონკრეტული სამუშაოს თვალსაზრისით. ასევე, პრევენციასთან ერთად ჩვენი მიზანია, გამკაცრდეს კიდევ უფრო მეტად მიდგომა, სადაც საჭიროა სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვა იმისთვის, რომ თუ ხდება კორუფცია, ამის ადმინისტრირება მოხდეს. ასევე, სადაც საჭიროა საკანონმდებლო სივრცე, სისხლის სამართლის თვალსაზრისით კიდევ ჩავერიოთ და კიდევ გავამკაცროთ, იქნება ეს სანქციები თუ თუ სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვა. მთლიანობაში თავმოყრილია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რაზეც სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული ანტიკორუფციული მიმართულება, გამოვლენის შემდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგრძელება და სადაც საჭიროა კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობების და სანქციების გადახედვა. მესამე საკითხი, რაც სამოქალაქო სექტორმა დასვა, არის მსჯელობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ნებისმიერი იდეა და აზრი იქნება განხილული, ეს საკითხიც სამუშაო ჯგუფში იქნება განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში, ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა.