ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს, მაგრამ შეთანხმების ერთგული ვარ 
ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს, მაგრამ შეთანხმების ერთგული ვარ 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებაით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოხანაშვილმა განაცხადა,  ამნისტია „ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა.

„თუ ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ, კი ბატონო. მაშინ უნდა აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული. არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ – ძალიან კარგად იცით, რომ ეს „ქართული ოცნების“ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს. ეს არის პოლიტიკური აქტი და არა ჰუმანური. ეს არა ვინმეს გამართლების აქტი, არამედ პატიების აქტია”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ამ წუთებში, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ. ცვლილებებს აკროტიკებს „ლელო“. ისინი პროექტის განხილვის გადადებას ითხოვენ მანამდე, ვიდრე პარლამენტი არ მოისმენს, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი 19-20 ივნისს.