ანრი ოხანაშვილი - ამნისტიას იძულებით ვერავინ ვერავისზე გაავრცელებს
ანრი ოხანაშვილი - ამნისტიას იძულებით ვერავინ ვერავისზე გაავრცელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, ვინც იტყვის, რომ წინააღმდეგი არ არის ამნისტიის აქტის მიღებაზე.

მისივე თქმით, კანონში აღნიშნული პუნქტი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ამნისტიაზე ადამიანებს ჰქონოდათ არჩევანის თავისუფლება.

„ჩვენ ეს პუნქტი ჩავდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პირს ჰქონოდა არჩევანის თავისუფლება. გადაეწყვიტა, სურდა, მიეღო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგად ამნისტიის აქტი თუ არ სურდა. ამიტომ ვინც იტყვის, რომ წინააღმდეგი არ არის ამნისტიის აქტის მიღებაზე, მასზე გავრცელდება ამნისტია. თუ ვინმე დაწერს, რომ მას არ სურს ამნისტიის აქტის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მასზე იძულებით ვერავინ გაავრცელებს. ამით არ დასრულებულა პროცედურა. ეს არის სამართალწარმოების საკითხი. როგორ ხორციელდება ეს არის კონკრეტული სახელმწიფო ბრალდების, სასამართლოს და დაცვის მხარის საკითხი. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც განაცხადოს თანხმობა, ამნისტიის აქტი ითვალისწინებს გავრცელების შესაძლებლობას ამ პროცედურების გასვლის შემდგომაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 7 სექტემბერს დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

დატოვე კომენტარი