ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არც განხილულა და არც განიხილება
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არც განხილულა და არც განიხილება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არც განხილულა და არც განიხილება.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი პანდემიის პირობებში არჩევნების გადაგდების საკითხზე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, საზოგადოებაში თემა შემოიტანოს, ხომ არ სჯობს, არჩევნები გადაიდოს.

„რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი თუ სვამს ამ საკითხს, იქნებ, ჰკითხოთ, როდისთვის უნდა გადაიდოს, იქნებ, ფორმულა იცის. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა საუბრობენ, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთხელ გაზომეს საკუთარი რეიტინგი და ვიცით, მათ ძალიან უჭირთ. ზოგს პულსი არ ესინჯება, ზოგიერთი ერთ პროცენტზე ვერ ადის. მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აწუხებთ, პარლამენტში მოხვედრა-ვერმოხვედრის საკითხი და არა საზოგადოების ბედი. მსოფლიოში მექანიზმი და მოდელი არ არსებობს, როგორ შეიძლება, ვირუსს გავუმკლავდეთ. პანდემიას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ვერ უმკლავდებიან, ეს ყველასთვის გამოწვევაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას თანმიმდევრული გეგმა აქვს, რომ საზოგადოების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და თან ეკონომიკა არ გაჩერდეს, ხოლო ნაწილობრივი შეზღუდვით ქვეყანამ შეძლოს, ეკონომიკის განვითარების შენარჩუნებაც და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაც.

„ეს არის ეპიდემიოლოგების ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. გვინდა, რომ ხელისუფლებამ როგორც აქამდე ეფექტურად მართა ვირუსი, ასე გაგრძელდეს. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ოპონენტების ნაწილს საზოგადოების ბედი კი არ აწუხებს, წლების მანძილზე, არაერთი მათგანი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით იყო დაკავებული. ეს ადამიანები ვერ იქნებიან გულწრფელი, მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. თუ რაიმე რეცეპტი იციან, ვირუსი როგორ არ გავრცელდეს, სიამოვნებით მოვუსმენთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.