ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სავარაუდოდ ივლისში დასრულდება
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სავარაუდოდ ივლისში დასრულდება

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სავარაუდოდ ივლისში დასრულდება და სია პარლამენტს გადაეგზავნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არის იმ ეტაპზე, რომ კანდიდატებთან უკვე ინდივიდუალურად უნდა დაიწყოს გასაუბრება. გასაუბრება როდესაც დამთავრდება, წესით ივლისში, სია გადმოეგზავნება საქართველოს პარლამენტს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შევისწავლით კანდიდატების შესახებ ინფორმაციას და ამის შემდგომ წარვმართავთ უკვე საკომიტეტო მოსმენებს. ეს არის პროცედურა, გეგმა, როგორ წარვმართავთ პროცესს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს  შეხვდა. აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესია. ევროპელი ექსპერტები საქართველოში სახალხო დამცველის მოწვევით იმყოფებიან. ისინი დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.