ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტს გააგზავნიან
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტს გააგზავნიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განსახილველ თემებს შორის არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული იქნება.

„ერთ-ერთია ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში შეიმუშავებს ისეთ ვერსიას და შესთავაზებს ოპოზიციურ ჯგუფებს, რომელიც სამართლიანი იქნება. ჩვენი საზოგადოების მოლოდინია, რომ პროცესები დასრულდეს და პარტიები გადავიდნენ წინასაარჩევნო სამზადისში. „ქართული ოცნება“ იქნება გარანტი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა იყოს სამართლიანი, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და საზოგადოებას შევთავაზოთ დამატებითი კომფორტული სერვისები არჩევნების პროცესში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს გააგზავნიან.

„მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში შემუშავებულ ერთ კანონპროექტს გავაგზავნით. პარალელურად, ვგეგმავთ, სავალდებულო კომიტეტებზე დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, შემდეგ ვენეციის კომისიას დაველოდებით და არ გავიტანთ ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით, ვიდრე არ გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო პოზიცია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.