ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებზე შეხვედრა ნაყოფიერი იყო
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებზე შეხვედრა ნაყოფიერი იყო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღის გარშემო ნაყოფიერი და ინტენსიური შეხვედრები შედგა.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ამ დროისათვის მიმდინარე დასკვნით შეხვედრაზე მსჯელობა რამდენიმე ღიად დარჩენილი საკითხის გარშემო მიმდინარეობს, თუმცა ძირითად და პრინციპულ საკითხებზე კონსენსუსი უკვე არსებობს.

„კონსენსუსს მივაღწიეთ როგორც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ისე მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე. არ დარჩა არცერთი საკითხი, სადაც ჩვენ ყველა პრინციპულ საკითხზე არ გვქონდეს კონსენსუსი. არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოში გარკვეულ თემებს და ამაზეც დღეს შევაჯერებთ პოზიციებს“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის​ თავმჯდომარე შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ შედეგად სწორედ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე მიღწეულ კონსენსუსს ასახელებს. მისი განმარტებით, დეტალურად, ობიექტურად და საერთაშორისო პარტნიორთა რეკომენდაციების შესაბამისად გაიწერა ყველა ის ნორმა, რომელთა მიხედვითაც დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება იქნება შესაძლებელი.

„ყველაფერი, რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური სამართალწარმოების მიზეზი, არის დეტალურად გაწერილი. ობიექტურად, ისე, რომ არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება, როგორც ეს 2012 წლამდე წლების განმავლობაში ხდებოდა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფს ბრიტანეთის საელჩო გამოეთიშა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო, რომელიც პროცესში მონაწილეობდა, მუშაობას აგრძელებს.

 

დატოვე კომენტარი