ხორავას ქუჩაზე მკვლელობის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

როგორც პირველ არხს ოხანაშვილმა განუცხადა, მიმდინარე კვირაში იმ არასრულწლიანების გამოკითხვა იგეგმება, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უშუალო შემსწრე არ არის, მაგრამ გარკვეული ინფორმაციის მატარებელია.

დეპუტატის ცნობით, არასრულწლოვანების გამოკითხვა ფსიქოლოგების ჩართულობით მოხდება.

„საქმეში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესი და დაძაბულობა, რაც ამ ტრაგედიას მოჰყვა, კომისიაზე მათი მოყვანითა და გამოკითხვით დამატებით სტრესად არ უნდა ვაქციოთ. აუცილებელია, არასრულწლოვანთა გამოკითხვაში სპეციალიზირებული პირები ვიყოთ. არასრულწლოვანთა გამოკითხვის საკითხებში ტრეინინგი გავიარეთ, თუმცა ამის მიუხედავად, არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. მიზანშეწონილია, ფსიქოლოგი ჩავრთოთ, რომელსაც სპეციალიზებული ცოდნა ექნება არასრულწლოვნებთან მუშაობისა და გამოკითხვის. მისი მეშვეობით ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოზარდები ისედაც ძალიან მძიმე ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრნენ, ეს მათ ცხოვრებაზე ასახულია და ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ“, – აცხადებს ოხანაშვილი.

დეპუტატის განმარტებით, კომისიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღქმული ჩვენების შეცვლად არ უნდა იყოს.

„დაკითხვისა და ჩვენების საკითხი, სასამართლოზე გასაკეთებელია. კონკრეტული ჩვენების დადასტურება ან არ დადასტურება სასამართლოზე უნდა მოხდეს. ჩვენ პირდაპირი გაგებით სასამართლო არ ვართ, ამიტომ ეს ჩვენების შეცვლად არ ჩაითვლება. ჩვენება სასამართლოში უნდა დაფიქსირდეს და მისი მხრიდან შეფასებული უნდა იყოს წინა ჩვენება, რომელიც პირს მიცემული აქვს. კონკრეტულმა პირმა ჩვენება სასამართლოს უნდა მისცეს და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ, რა სახის ჩვენებას იძლევა ის. ჩვენთვის მოცემული ჩვენება გამოკითხვაა და აღქმული არ უნდა იყოს, როგორც სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.