ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტება გააკეთა პირბადის ტარების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს.
მისივე თქმით, წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და  სანქციები სავარაუდოდ, უკვე ორშაბათიდან ამოქმედდება.

„საკითხი არის მარტივად. არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი.

წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე იქნება გამოქვეყნებული და შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს იქნება ორშაბათი დღე, უკვე ორშაბათიდან, თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მართალია კანონი ძალაში შევიდა, თუმცა შესაბამისი წესის დამტკიცებამდე, დაჯარიმება არ მოხდება.

„იურიდიული თვალსაზრისით არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი. წესი დამუშავებულია და ორშაბათიდან უკვე ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დეტალურ წესთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდგომ, ანუ ორშაბათიდან თუ არ მოხდება ამ წესის დაცვა, იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. მანამდე, ეს არის რეკომენდაცია და დაჯარიმება არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე. ეს ორი დღე, თუნდაც ჯარიმა არ იყოს გათვალისწინებული არ ნიშნავს იმას, რომ პირბადე უნდა მოვიხსნათ დახურულ საჯარო სივრცეებში. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კანონი უკვე არსებობს.

„ეს წესი შემუშავდება, გამოქვეყნდება და ამოქმედდება ორშაბათიდან მაქსიმუმ. შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას კიდევ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს წესი მოქმედებს, რაც უნდა დაიცვან. ამიტომ, ორშაბათიდან მაქსიმალური სიფრთხილით მოგვიწევს ყველას ამ პირბადის ტარება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.