ანრი ოხანაშვილი - აბსურდია, თითქოს გირაოს მოთხოვნა ნიკა მელიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს გირაოს მოთხოვნა ნიკა მელიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია პირობა ნიკანორ მელიამ, რომელიც დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ხომ ყველამ ერთად ვიხილეთ, დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური და გადააგდო. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს, ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია, სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით.
ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და რა სახის იქნება პასუხისმგებლობა და რას მოითხოვს, ეს არის პროკურატურის მსჯელობის საგანი, რომელიც რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა განიხილოს. ამიტომ მე დამატებით მსჯელობაში ვერ შევდივარ, შეკითხვა იმასთან მიმართებაში, თითქოს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, ეს არის აბსურდი, რადგან ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დემონსტრაციულად არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელსაც, როგორც ჩანს, იყენებს პროკურატურა“, – აცხადებს ოხანაშვილი.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.