ანრი ოხანაშვილი ​უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თემაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდება
ანრი ოხანაშვილი ​უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თემაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხება. როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანია მათი ხედვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრაზე აღნიშნულ პროცესში მათ ჩართულობაზეც გაამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ ვისაუბრებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს ურთიერთთანამშრომლობაზე. ჩემი ინიციატივაა, ვესაუბრო ამ ორი მნიშვნელოვანი გაერთიანების ხელმძღვანელს, რათა პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვის დროს გვქონდეს თანამშრომლობა. ჩვენთვის საინტერესო იქნება მათი ხედვები ამ პროცესისადმი, როგორ წარმოუდგენიათ,  ერთი მხრივ, ადვოკატთა ასოციაციის და მეორე მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართულობა. იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და გავცვლით პოზიციებს, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მისი გამჭვირვალობისა და ჩართულობის თვალსაზრისით მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის ღია და საზოგადოებას აქვს ამ პროცესის მონიტორინგის საშუალება. კანონით გაწერილი ყველა ვალდებულება სრულდება და კანონის შესაბამისად მოქმედებს იუსტიციის საბჭო. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მოხდება პარლამენტისთვის წარმოდგენა, ჩვენ უკვე ვიწყებთ შესაბამის პროცედურებს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.