ანრი ოხანაშვილი - ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, მჯერა, არც ერთი სპეკულაციური კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება
ანრი ოხანაშვილი - ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, მჯერა, არც ერთი სპეკულაციური კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, მჯერა, არც ერთი სპეკულაციური კითხვა და არც ერთი საკითხი პასუხგაუცემელი არ დარჩება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბაჩალიაშვილის ოჯახს უფლება აქვს, გამოძიების მიმართ კრიტიკული კითხვები და მოსაზრებები ჰქონდეს.

„თუ ვინმეს ლეგიტიმური და მორალური უფლება აქვს, რომ კრიტიკული კითხვები დასვას, გარკვეული ეჭვები ჰქონდეს, ეს სწორედ ის ოჯახია, ვის თავზეც ასეთი უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. სწორედ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ კრიტიკული კითხვები დასვან და გარკვეულ საკითხებზე ეჭვები ჰქონდეთ, მათ შორის, გამოძიებაზე ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრებები. ეს მათი უფლებაა და ამას ვერავინ წაართმევს, თუმცა გამოძიება ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, მჯერა, რომ არც ერთი სპეკულაციური კითხვა და არც ერთი საკითხი, რომელიც პირველ რიგში, ოჯახისთვისთვის არის მნიშვნელოვანი, პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ“ ქმედებებს სჩადიან და ოჯახით მანიპულირებით საუბრობენ, რაც ჩვენთვის არახალია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გაკოტრებულ ჯგუფებზე, რომელთაც საზოგადიებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. ისინი ოჯახის ტრაგედიებს იყენებენ, ფაქტებს ამახინჯებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.