ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გამბედაობა არ აქვს, თუ ჩამოვა, მისი ადგილი საპატიმროში იქნება
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გამბედაობა არ აქვს, თუ ჩამოვა, მისი ადგილი საპატიმროში იქნება

სააკაშვილს არ აქვს არც პოლიტიკური გამბედაობა და არც რესურსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა მისი ადგილი საპატიმროში იქნება ,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებშია ჩართული, რაც კანონით ეკრძალება.

„ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია და მსჯავრდებული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს რაღაც პოლიტიკურ აქტივობაზე და ბენეფიტებზე. ის რეალურად ჩართულია და ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება. სააკაშვილი უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ეს ადამიანი და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი. მას არ აქვს არც პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა, მისი ადგილი იქნება იმ შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც განკუთვნილია პირებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს შესაბამისი დანაშაული. ასე რომ, რაც უფრო მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მათი პარტიის საერთო რეიტინგი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანალემა, მიხეილ სააკაშვილმა კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, პასუხისგან თავი შეიკავა.

„როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა გუშინ ერთ-ერთი სატალევიზიო ჩართვისას.