ანრი, ბერგკამპი და ვიეირა, შესაძლოა, „არსენალის“ მმართველი საბჭოს წევრები გახდნენ #1TVSPORT
ლონდონის „არსენალში“, შესაძლოა, მფლობელი შეიცვალოს – კლუბის შეძენა სურს Spotify-ის დამფუძნებელს დანიელ ეკს.
მუსიკალური სერვისის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს „არსენალის“ ამჟამინდელი მფლობელისთვის სტენ კრონკესთვის. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 38 წლის მილიარდერი სერიოზულად არის განწყობილი – ადრე მან განაცხადა, რომ ბავშვობიდან გულშემატკივრობს ლონდონურ კლუბს.
ფანების მხარდაჭერის მისაღებად, ეკმა თავის გუნდში მიიწვია „არსენალის“ ლეგენდები – ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი და პატრიკ ვიეირა. თუ ეკი შეძლებს კრონკესთან მოლაპარაკებას და გარიგების წარმატებით დასრულებას, ანრი, ბერგკამპი და ვიეირა „არსენალის“ მმართველი საბჭოს წევრები გახდებიან.
სტენ კრონკე 2009 წლის მაისში გახდა 28.3 პროცენტით „არსენალის“ უმსხვილესი აქციონერი. მოგვიანებით, მან კიდევ რამდენიმე შენაძენი გააკეთა, რითაც გაზარდა კლუბში აქციათა საკუთარი წილი.
2018 წლის სექტემბერში, კრონკე „არსენალის“ ერთადერთი მფლობელი გახდა.
დანიელ ეკის ქონება შეფასებულია 4.7 მილიარდ დოლარად.