„ანორთოსისმა“ ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა - ოქრიაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა
„ანორთოსისმა“ ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა - ოქრიაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ვერ ისარგებლა კონკურენტ „აპოლონის“ დამარცხებით, ვერც 72-ე წუთზე მიღებული რიცხობრივი უპირატესობით და „სტელიოს კირიაკიდის არენაზე“ „კარმიოტისთან“ ორი ქულა დატოვა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველების გუნდმა გასვლაზე 1:1 ითამაშა. გიორგი ლორიამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და არ უთამაშია. ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, მურთაზ დაუშვილი მოედანზე შეცვლაზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ განაცხადშიც არ იყო, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო დისკვალიფიკაცია შეეხო.

„ანორთოსისი“ უკეთესად გამოიყურებოდა და მეტი მომენტიც შექმნა, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა. 72-ე წუთზე, მასპინძელთა მოთამაშე მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის გააძევეს და თემურ ქეცბაიას გუნდს მეტი შანსი მიეცა. თავის გამოჩენა ქართველებსაც შეეძლოთ – მშვენიერი მომენტით ვერ ისარგებლა ქვილითაიამ, 89-ე წუთზე მასპინძლები დაუშვილის დარტყმის შემდეგაც გადარჩნენ და საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ გალიდერების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 9 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც „აპოლონმა“, მაგრამ პირადი შეხვედრებით მეორე ადგილზეა, პლუს ქართველების გუნდის კონკურენტს ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს.