„ანორთოსისი“ ლორიაზე თავდასხმისთვის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
„ანორთოსისი“ ლორიაზე თავდასხმისთვის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

კვიპროსის პარლამენტის ეთიკის დაცვის კომიტეტის ხუთი წევრიდან სამი გადადგა, მაგრამ მათ ამ ნაბიჯის მიზეზი არ ახსნეს, რასაც ქართველების გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ საგანგებოდ წერილით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტის წევრებმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრა „ანორთოსისსა“ და „აპოლონს“ შორის ჯერ საეჭვოდ მიიჩნიეს გიორგი ლორიას ჟესტის გამო, მაგრამ საბოლოოდ, გუნდს და საქართველოს ნაკრების მეკარეს ყველა სახის ბრალდება მოუხსნეს და აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს.

„მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეას პაპაჰარალამბუსის დანიშვნის გაუქმება და დაიწყოს გამოძიება მისი წევრების უმეტესობის გადადგომის მიზეზების შესახებ. კომპეტენტურმა საზოგადოებრივმა სამსახურებმა და იუსტიციის სამინისტრომ უნდა უპასუხონ შეკითხვას, რა მიზნებით მოქმედებდა კომისიის თავმჯდომარე ბატონი პაპაჰარალამბუსი, რატომ გააკეთა უზუსტო და ცრუ განცხადებები ჩვენი გუნდის შესახებ“, – წერია ფამაგუსტას გუნდის განცხადებაში.

„ანორთოსისის“ მტკიცებით, ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია: „კანონის მე -8 მუხლი განსაზღვრავს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას და ადგენს, რომ „კომიტეტის თითოეული წევრი ვალდებულია, შეინარჩუნოს სრული კონფიდენციალობა იმ ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან სხვა ინფორმაციის მიმართ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობის შესრულებისას”. ბატონმა პაპაჰარალამბუსმა კი უგულებელყო ეს წესი და „ანორთოსისს“ მატჩის ჩაწყობა დააბრალა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ევროპული მატჩის წინ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირველივე წუთიდან ჩვენ ვიცოდით, რომ „ანორთოსისი“ – „აპოლონის“ მატჩთან დაკავშირებული ეჭვები ემყარებოდა სპეკულაციებსა და არარსებულ ბრალდებებს“.

გუნდი აცხადებს, რომ ყველა მიმართულებით არის, ითანამშრომლოს ყველა ორგანოსთან, რომლიც მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ფეხბურთის და საერთოდ სპორტის სფეროში: „ამასთან, არანაირად არ გვსურს, შევეგუოთ რომელიმე კომიტეტის ბრალდებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პაპაჰარალამბუსს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და გადადგეს, ხოლო კომიტეტის გადამდგარ სამ წევრს მოვუწოდებთ, ახსნან წასვლის მიზეზები, რადგან ეს მათი მორალური მოვალეობაა“.