ანკარაში საქართველოს პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა - ინტერვიუ თურქეთში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან
ანკარაში საქართველოს პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა - ინტერვიუ თურქეთში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან

ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა. 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნულმა სიმონ მდივანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს. ამ თარიღის მნიშვნელობასა და თურქეთთან ურთიერთობებზე ვესაუბრეთ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას.

– რით არის გამორჩეული დღევანდელი თარიღი და რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 8 თებერვალს სიმონ მდივანი გახდა პირველი უცხოელი ელჩი, რომელმაც რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, ანგორის მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს. თურქეთში დიპლომატიური სამსახურის დაწყების დღიდან, ანუ ორი წლის წინ, მე და ჩვენი წარმომადგენლობის დიპლომატებმაც ამოცანად დავისახეთ, თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა მოგვეძებნა და შეგვეგროვებინა. ამ მიზნით, შეხვედრები გავმართეთ სხვადასხვა არქივის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში. შევხვდით სხვადასხვა მკვლევარებს და ისტორიკოსებს, ვინც ამ პერიოდის გაშუქებაზე მუშაობდა, მოვაგროვეთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის საარქივო მასალა. აღნიშნულ პერიოდზე მუშაობა რთული იყო, ვინაიდან ძალიან მწირი ინფორმაციაა თავმოყრილი. წარმოიდგინეთ, 1920 წლის მიწურულს და 1921 წელს თურქეთი ჩართულია სხვადასხვა ფრონტზე განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამიტომ არავის ეცალა არქივის შედგენისა და მასალის მოძიებისთვის. მინდა, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ საინტერესო მასალა აღმოვაჩინეთ არქივებში, მათ შორის საქართველოს პირველი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის შესახებ. ამაზე წერდა რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი, ასევე სააგენტო „ანადოლუს“ ფრანგულენოვანი გამოცემა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დრომდე უცნობი, ამერიკელი ჟურნალისტის, სტრეიკის მოგონებები. ის მაშინ იმყოფებოდა ანკარაში და სწორედ მან ჩაწერა ათათურქის ცნობილი ინტერვიუ, რომელიც შემდეგ დასავლეთის მედიაში დაიბეჭდა. სწორედ ამ ჟურნალისტმა მოახერხა შეხვედრა ჩვენი დიპლომატიური მისიის ელჩთან სიმონ მდივანთან, გადაიღო მისი სურათი, რომელიც ინახება ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში და რომლის ნახვის შესაძლებლობაც ქართულ საზოგადოებას მალე ექნება.

– თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხარით ამერიკელი ჟურნალისტის მოგონებების შესახებ…

ჟურნალისტის მოგენებები მნიშვნელოვანია, რადგან იმ დროისთვის ანკარაში სულ რამდენიმე დიპლომატიური წარმომადგენლობა არსებობდა. ჩვენზე ადრე გაიხსნა რუსეთის წარმომადგენლობა. ეს იყო ნოემბრის თვეში. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ პირველ ელჩად რუსებმა გამოგზავნეს ცნობილი რევოლუციონერი ელიავა, რომელმაც ანკარაში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. რუსებმა გახსნეს წარმომადგენლობა, რის შემდეგაც სიმონ მდივანი თანმხლებ პირებთან ერთად ჩადის ანკარაში. ეს იყო ძალიან გრძელი მოგზაურობა, რაც ძალიან კარგად აღწერა დიმიტრი შალიკაშვილმა, რომლიც გახლდათ დანიშნული სამხედრო ატაშედ. ქართველები ჯერ გემით ჩადიან სამსუნამდე, შემდეგ ავტომობილებით სხვადასხვა პატარა ქალაქებს გადიან და 31 იანვარს მატარებლით სრულდება მათი მოგზაურობა ანკარაში. თებერვლის პირველი რიცხვებიდან ხდება ჩვენი საელჩოს დაფუძნება. სწორედ ამ პერიოდში ანკარაში იმყოფება ამერიკული ჟურნალისტიც. სავარაუდოდ ის შეხვდა ჩვენს ელჩს, ვინაიდან სურათიც არსებობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი ელჩის, სიმონ მდივანის ძმა, ბუდუ მდივანი გახლდათ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ელჩი. წარმოიდგინეთ იმ პერიოდის საქართველო, კავკასია, ყოფილი რუსეთის იმპერია, როდესაც ერთი ძმა არის მენშევიკი, მეორე ბოლშევიკი და ბუდუ მდივანი ინიშნება რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ელჩად ანკარაში. როგორც აღმოჩნდა, ძმები ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ, რაც ამერიკელ ჟურნალისტსაც აქვს მოგონებებში აღნიშნული. ძმები ერთმანეთს არ შეხვედრიან. ბუდუ მდივანი ცოტა მოგვიანებით ხვდება ათათურქს და რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ასე რომ, ორი ღვიძლი ძმა წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს თურქეთში. ეს ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტია.

– რა არის ცნობილი სიმონ მდივანის ელჩობის შესახებ?

სიმონ მდივანის ელჩობა სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მოგეხსენებათ, რომ სიმონ მდივანმა 1921 წლის 22 მარტს დატოვა ანკარა. იძულებული იყო, ჯერ სტამბოლში გამგზავრებულიყო, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად საფრანგეთში, სამუდამო ემიგრაციაში წასულიყო, სადაც ის გარდაიცვალა და ლევილის ქართულ მამულშია დაკრძალული. საკმაოდ საინტერესო მოგონებები აქვს დიმიტრი შალიკაშვილს იმ მოკლე პერიოდში საქართველოს მისიის შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ათათურქთან შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. მოგეხსენებათ, ეს იყო უაღრესად მძიმე დღეები ქართული მისიისთვის. თებერვალში უკვე იწყება საქართველოს ოკუპაცია. ამ დროს იყო მოლაპარაკებები ათათურქის მთავრობასთან დახმარების გაწევის შესახებ, ბათუმთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებების დეტალებში არ შევალ, მაგრამ ცნობილია, რომ თავად ათათურქი პატივისცემის ნიშნად ორჯერ ეახლა საქართველოს მისიას, გამართა მოლაპარაკებები სიმონ მდივანთან. ეს იყო ძალიან დრამატული და მნიშვნელოვანი დღეები, რომელთა შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ჩვენ არქივში აღმოვაჩინეთ, როგორც რწმუნებათა გადაცემა, ასევე ათათურქის მიერ წარმოთქმული შესავალი სიტყვა და ა.შ. ჩვენ ვაგრძელებთ საარქივო მასალის ძიებას და გვსურს, უფრო მეტი ინფორმაცია მოგავროვოთ ამ პერიოდის შესახებ.

– საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თურქეთიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აქ ელჩი გამოაგზავნა

თურქეთში ჩვენი საელჩოს გახსნას წინ უძღოდა ათათურქის მიერ საქართველოში ელჩობის გამოგზავნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს ერთ-ერთმა პირველმა ოსმალეთის იმპერიამ აღიარა, რასაც მოჰყვა ბათუმის საზავო ხელშეკრულების გაფორმება. შემდგომში, 1920 წლის ნოემბერში, მუსტაფა ქემალ ათათურქის მითითებით, თბილისს ეწვია ანკარის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ქიაზიმ ბეი, რომელიც გახლდათ ათათურქის ერთგული თანამებრძოლი და უახლოესი გარემოცვის წევრი. თავის მოგონებებშიც აღწერს, რომ ჩავიდა თბილისში და რწმუნებათა სიგელი გადასცა ნოე ჟორდანიას. ეს წინ უსწრებდა საქართველოს ელჩობას თურქეთში.

– როგორია საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები დღეს არსებული ვითარების ფონზე?

ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და ამჟამად აბსოლუტურად ახალ ნიშნულზე ვართ. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მეგობარია და მეზობელი ქვეყანა. განვლილი 30 წლის განმავლობაში ურთიერთობები ძალიან ინტენსიური იყო. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ბევრი მიმართულებით პაუზის აღება მოგვიწია, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ისევ ვიხსნებით. თურქეთი არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, ნატო-სა და ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრინების ერთ-ერთი მხურვალე ქომაგი. ჩვენ ძალიან მალე გვექნება თურქეთთან პოლიტიკური კონსულტაციები, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი აპირებს ჩამოსვლას თურქეთში. ძალიან მალე უნდა გაიმართოს მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ამჯერად ანკარა უმასპინძლებს.