ანკარაში ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერის, ოზგურ ოზელის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
ანკარაში თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერის, ოზგურ ოზელის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრაციაზე ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა, ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობით მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ლიდერი ოზგურია!“ და „ქემალი მოღალატეა!“
ცნობისთვის, თურქეთის სასამართლომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა, რის გამოც, უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. ანკარის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, გაუქმდა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) 2023 წლის ლიდერის არჩევნების შედეგები და პარტიის ლიდერი ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენეს.
სასამართლომ ოზელის ადგილას აღადგინა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც ეროვნულ არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დამარცხდა. ოზგურ ოზელმა პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო საჩივრების გზით შეებრძოლებოდა.