ანკარა და ვაშინგტონი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს იწყებენ
ანკარა და ვაშინგტონი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს იწყებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი იწყება.

“გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა. ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობა ახლა კრიტიკულ ზღვარზეა , არსებობს ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს“, –  განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ .

პრესკონფერენციიდან ცნობილი ხდება, რომ შეიქმნება ურთიერთობის ნორმალიზების მექანიზმი, რომლის პირველი შეხვედრა მარტში გაიმართება.

პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა მხარეები კრიზის დაძლევას ცდილობენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკას და თურქეთს საერთო პოზიცია აქვთ სირიასთან დაკავშირებით, რომ კრიზისი პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, სირიაში კი, მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. ტილერსონის განცხადებით, მათ საერთო პოზიცია აქვთ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელწმიფოსთან“ დაკავშირებითაც.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება . რექს ტილერსონი გუშინ თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამი საათი გრძელდებოდა და მას თარჯიმანი არ დასწრებია, რექს ტილერსონისა და რეჯეპ თაიფ ერდოღანის საუბარს საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ თარგმნიდა.