ანჯელო ბორელი - იტალიაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობას
ანჯელო ბორელი - იტალიაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობას

იტალიაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობას. ამის შესახებ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 64 ათასამდე შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, 600 ათასს აჭარბებდეს.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს განმარტავს იმას, თუ რატომ არის იტალიაში კოორნავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის დონე უფრო მაღალი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის რეგისტრირებულ შემთხვევებში სიკვდილიანობის დონე 9%-ს აჭარბებს. თუ ქვეყანაში რეალურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 10-ჯერ აღემატება, მაშინ სიკვდილიანობის დონე 0,9% იქნება.
უკვე ორი დღეა ზედიზედ იტალიაში ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა იკლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა.

„ჩვენ უნდა შევიძინოთ უფრო მეტი სასუნთქი აპარატები, ხოლო დამცავი პირბადეები ყველა ქუჩის კუთხეში უნდა იყიდებოდეს“, – განაცხადა ანჯელო ბორელიმ.