ანჯეი დუდამ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა - რუსეთის იმპერიული ამბიციები განახლდა, რადგან 2008 წელს ის საქართველოს დაესხა თავს
ანჯეი დუდამ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა - რუსეთის იმპერიული ამბიციები განახლდა, რადგან 2008 წელს ის საქართველოს დაესხა თავს

რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში განახლდა, რადგან 2008 წელს ის საქართველოს დაესხა თავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, თუმცა მე არ უარვყოფ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვთხოვე, არ გაეყვანა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპიდან, რადგან ევროპის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ ვინმე მკითხავს, მზად ვარ თუ არა, რომ პოლონეთმა მიიღოს მეტი ამერიკული ჯარი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მზად ვარ. 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, განახორციელა ყირიმის ანექსია, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს“,- აღნიშნა დუდამ.

ანჯეი დუდას თქმით, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნა „უსაფრთხოების უზარმაზარი გარანტიაა“.

„მიხარია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ესმის ევროპაში არსებული რეალობა და სიტუაცია, რომელიც ევროპაში ვითარდება. დღეს, ეს ქმნის მშვიდობას ჩემს ქვეყანაში და მოაქვს უსაფრთხოება. ამის წყალობით კი, რუსეთის იმპერიული ამბიციები, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში განახლდა, რადგან 2008 წელს ის საქართველოს დაესხა თავს, დროებით შეწყდა, ყოველ შემთხვევაში მსოფლიოს ამ ნაწილში. ეჭვგარეშეა, რომ ეს აშშ-ის პოლიტიკის უდიდესი დამსახურებაა. მადლობელი ვარ ამისთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეები“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.