ანჯეი დუდამ მთავრობის ბიუჯეტის პროექტს საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ვეტო დაადო, დონალდ ტუსკი გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს
ანჯეი დუდამ მთავრობის ბიუჯეტის პროექტს საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ვეტო დაადო, დონალდ ტუსკი გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ახალი მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს ვეტო დაადო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანჯეი დუდამ ეს უფლება გამოიყენა, მას შემდეგ რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა.

პოლონეთის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის სამი მილიარდი ზლოტის გამოყოფას. დუდა განმარტავს, რომ ის არ დაეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების პროექტს იმ პირობებში, როდესაც „კონსტიტუციისა და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ირღვევა“.

„ჯერ საზოგადოებრივი მედია უნდა აღდგეს სანდოდ და კანონის შესაბამისად“, – წერს პოლონეთის პრეზიდენტი.

დუდას თქმით, ის შობის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ პროექტს წარუდგენს პარლამენტს. პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად სეიმი წლის ბოლომდე საგანგებოდ შეიკრიბოს.

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადებას უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კანცელარიაში და მას აბსურდული უწოდეს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად დონალდ ტუსკიც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და წერს, რომ ანჯეი დუდას ვეტოს გამო „დაფინანსების გარეშე დარჩებიან ბაღები და დაწყებითი სკოლის პედაგოგები, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების და სააგენტოების ხელმძღვანელებს ხელფასების გაზრდის საშუალება მიეცემათ“. ამავე განცხადებაში ტუსკი პირობას დებს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგობას გაუმკლავდება.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოლონეთის კულტურის ახალდანიშნულმა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელები. პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის წევრები და პოლონეთის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრად 13 დეკემბერს დანიშნეს. ის კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების გარშემო მიმდინარე დაპირისპირება უფრო ფართო ბრძოლის ნაწილია, როდესაც ტუსკის მთავრობა ყოფილი მმართველი პარტიის წევრების პოლიტიკური გავლენისა და დაფინანსების შემცირებას ცდილობს.

მედიის ცნობით, ბოლო დღეებში პოლონეთის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც წინა მთავრობის გადაცდენებს შეისწავლის, მათ შორი, საეჭვო კონტრაქტებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს გაფორმდა და ასევე, 2020 წლის არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დანერგვას და დაფინანსებას, რაც პარლამენტის მიერ არ იყო ავტორიზებული.

მიმდინარე კვირაში დონალდ ტუსკმა ასევე შეცვალა უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელი პირები, რომელთაც ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერასა და ოპოზიციის თვალთვალში ადანაშაულებდნენ.