ანჯეი დუდამ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა, ოპოზიცია კი ამას ფარსს უწოდებს
ანჯეი დუდამ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა, ოპოზიცია კი ამას ფარსს უწოდებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა.

ოპოზიცია, რომელმაც ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, აცხადებს, რომ მორავიეცკის მთავრობის დამტკიცება არის ფარსი, რომლის მიზანია ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურება.

პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც 2015 წლიდან ქვეყნის სათავეშია, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები ვერ მოაგროვა და, დიდი ალბათობით, პარლამენტში მისი მთავრობა ნდობას ვერ მოიპოვებს.

პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭიროა 231 ხმა. დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფრომის“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციური პარტიების ალიანსმა 248 მანდატი მოიპოვეს და მთავრობის ფორმირების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება პირველს პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის დაავალა.

„ჩვენ ვიცავთ ტრადიციას იმ მთავრობის დამტკიცებით, რომელიც ჩამოყალიბებულია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუდის არჩეული კანდიდატის მიერ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ მინისტრების დამტკიცებისას.

ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა უნდა გაიმართოს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „კანონსა და სამართლიანობას“ ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტი მის კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს. ამის შემდეგ მოხდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატის წარდგენა.