ანჯეი დუდა - ვოლინის ტრაგედია ზელენსკის მეტად ესმის, ვფიქრობ, სიმართლე თქვა, როცა მითხრა: „ანჯეი, აქამდე არასოდეს მსმენია პოლონელების მკვლელობების შესახებ ვოლინში, სკოლაში ამას არ გვასწავლიდნენ“
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ვოლინის ტრაგედია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად ესმის.
როგორც ანჯეი დუდა აცხადებს, ამ თემაზე არა მარტო ზელენსკისთან, არამედ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთანაც უსაუბრია.
„არ ვმალავ, რომ ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უფრო მეტად ესმის. ვფიქრობ, მან სიმართლე თქვა, როდესაც მეუბნებოდა: „ანჯეი, მე აქამდე არასოდეს მსმენია პოლონელების მკვლელობების შესახებ უკრაინის დასავლეთ მხარეში, ვოლინში. სკოლაში ამას არ გვასწავლიდნენ“, – აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე შეცდომა უწოდა მოსაზრებას, რომ დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს შორის ვოლინის მოვლენების შესახებ ინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული.
ვოლინის ტრაგედია, რომელსაც სხვაგვარად „ვოლინის ხოცვას“ უწოდებენ, 1943-1944 წლებში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკური პოლონელები დახოცა. 2016 წელს პოლონეთის სენატმა ეს მოვლენა გენოციდად აღიარა.