ანჯეი დუდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის ნეოკოლონიური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს
ანჯეი დუდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის ნეოკოლონიური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის ნეოკოლონიური და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კატარში, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან დაკავშირებით გაერო-ს მე-5 კონფერენციაზე გენერალური დებატების დროს განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსებს სურთ მეზობლების დაპყრობა და ექსპლუატაცია, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი პოლონეთიც იყო.

ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნებიც ძალიან დაზარალდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მათ შორის სურსათის გაძვირების გამო.

„იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და აგზავნის მათ რუსეთის სიღრმეში. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე არ დაემორჩილება მის ნებას, იმპერია კლავს. ეს ნაცნობი არ არის? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.