ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის, თუმცა სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, სამხედრო დახმარების ჩათვლით
ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის, თუმცა სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, სამხედრო დახმარების ჩათვლით

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის, თუმცა სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, სამხედრო დახმარების ჩათვლით, – ამის შესახებ ანჯეი დუდამ პოლონეთში კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტი, ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ანჯეი დუდა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„უკრაინა იბრძვის გმირულად თავისი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის. ყოველდღე უკრაინელები სისხლს ღვრიან და წინააღმდეგობას უწევენ რუსების თავდასხმას, თუმცა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. ისინი უკიდურესად მამაცები არიან, ისინი გმირები არიან, ისინი საშინელ დანაკარგებს განიცდიან. რუსები კლავენ ქალებს და ბავშვებს, სჩადიან ძალადობას, ანადგურებენ სახლებს. უკრაინა უკიდურესად იტანჯება და სისხლს ღვრის, თუმცა იცავს საკუთარ თავს. უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური, მას სჭირდება მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა უკიდურესად საჭიროა უკრაინისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.