ანჯეი დუდა - უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება
ანჯეი დუდა - უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება

უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

დუდას თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც უკრაინული საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება.

„იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კარგ სიახლეებს მოუტანს კიევს, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მომავალში აშკარად ჩანს. ასევე იმას, რომ გვირაბის ბოლოს არის შუქი, რომლის დანახვაც თავად უკრაინელებს სურთ, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ეს გამოჩნდება ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით“, – აღნიშნა დუდამ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერსა და პოლონეთის პრეზიდენტს, „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში, უკრაინის დახმარების საკითხებზე სასაუბროდ მასპინძლობს.