ანჯეი დუდა - საქართველო მიწვეული უნდა იყოს ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია
ანჯეი დუდა - საქართველო მიწვეული უნდა იყოს ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია

რუსეთმა დამატებითი ძალები განალაგა ბელარუსში. თუ ეს სამხედროები დარჩებიან ბელარუსში და სამშობლოში არ დაბრუნდებიან, ეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან შეგვეძლება, ვთქვათ, რომ რუსეთი კიდევ ერთ სამხედრო ოლქს ამატებს, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ნატო-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს შეხვედრები. ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს სანდოობისთვის“, – განაცხადა დუდამ.