ანჯეი დუდა სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ანჯეი დუდასა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას ესაუბრა მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების შესახებ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების სრულ შეჩერებასთან დაკავშირებით და საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
„მან ისაუბრა სპონტანურ სოციალურ პროტესტებზე და ძალიან ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში დაძაბულობის შესაძლო გამწვავებით, შიდა კონფლიქტის ესკალაციისა და სერიოზული კონსტიტუციური კრიზისის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის ნაწილი.
„ეს მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და, ყველა გამოკითხვის მიხედვით, მხარს უჭერს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების სრული შეჩერების შესახებ, რაც დე ფაქტო ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვას, მტკივნეული დარტყმაა ამ მისწრაფებებისთვის და ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. ეს რადიკალური ნაბიჯი, რომელიც აშკარად რუსეთის ინტერესებში შედის, ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დეკლარაციებს და, შესაბამისად, აქვს საარჩევნო გაყალბების სახე. ეს საჭიროებს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ყველა საფუძვლიანი ეჭვის შესწავლას.
მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი, არის ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების მტკიცებულება. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების უზარმაზარი სურვილის ჩვენება. ამავდროულად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო.
ამიტომ პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ნებას ეწინააღმდეგება, გამოავლინოს ღიაობა ბოლოდროინდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა ეჭვის გასარკვევად და გამოხატოს მზადყოფნა ახალი არჩევნების დასანიშნად, რომელიც ყოველგვარი ეჭვებისგან თავისუფალი იქნება. საქართველოს ადგილი ერთიან ევროპაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.